რაფაელი 1483 წლის 6 აპრილს დაიბადა. მისი შემოქმედება ერთნაირად იზიდავს გენიოსსა და უბრალო ადამიანს. ეს აღიარება სიცოცხლეშივე დაისაკუთრა და საუკუნეებმაც დაადასტურეს. პაპის დავალებით მიწისქვეშა გათხრების უფროსად დანიშნული, ახალგაზრდა მხატვარი ცუდად გახდა,ფერი დაკარგა, ციება დაეწყო,ლოგინად ჩავარდა. მთელი რომი, პაპი, კარდინალები, ყრუ დუმილით დასცქეროდნენ უდროოდ გარდაცვლილ გენიას..... 1520 წლის 6 აპრილს საღამოს 10 საათზე მიიძინა და მაშინ ყველამ იგრძნო, რომ დაცარიელდა ადგილი, რომელსაც ვეღარავინ შეავსებდა. ამბობენ, იმ დღეს რომში მიწა იძრა, ვატიკანის კედელი გაიბზარა და პაპი სასახლიდან გაიქცაო.
ყველაფერი მამის სახელოსნოდან დაიწყო, სწორედ მამამისი, ჯიოვანი სანტი, იყო მისი პირველი მასწავლებელი. 1500 წელს კი 17 წლის ჭაბუკი პერუჯაში ჩადის და პიეტრო პერუჯინოსთან ერთად ქმნის რამდენიმე სურათს. ერმიტაჟის მშვენება, თავდახრილი, ფიქრიანი, ნაზი და სათნო ღვთისმშობელი „მადონა კონსტებლიე“ თითქოს პერუჯინოს ზეგავლენის იერს ატარებს. 1504 წელს ურბინოელი ოსტატი იტალიის ხელოვნების აკვანში – ლორენციაში ჩადის, სადაც პერუჯინოს საბუდრიდან აფრენილი „ანგელოზი რაფაელი“ ქმნის „ქალწულ მარიამის დაწინდვას“, რომელსაც სასწაულს ეძახიან. მიქელანჯელო პირქუში დუმილით შესცქეროდა რვა წლით უმცროსი ახალგაზრდის წარმატებას, დიდად აფასებდა მის გენიას, თუმცა იმასაც ამბობდა, სიბილები ჩემგან გადაიღოო.
1508 წელს რაფაელს რომში იწვევს წმინდა პეტრეს ტაძრის მთავარი არქიტექტორი, სადაც მისი გენია ფრთებსა შლის. მრავალ შედევრს ქმნის ლეო X –ის შეკვეთით. ავალებენ კათოლიკური ეკლესიისა და პაპების განდიდებას, ის კი ადიდებს ადამიანის მშვენიერებას, ნიჭსა და მიწიერ თავისუფლებას. ეს ამაღლებული იდეები,ჰუმანიზმისა და დიდი რენესანსის ნათელი იდეალები ჩაქსოვილია „ათენის სკოლაში“, „პარნასში“ .
რაფაელის ისტორიულ, რელიგიურ, მითოლოგიურ და პორტრეტულ შედევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს წმინდა ოჯახსა და მადონებს, რომლებსაც წინ უძღვის ან მოსდევს მადონების მთელი გალერეა: „მადონა ღრუბლებში“ , „მადონა მწვანეზე“ , „მადონა ჩიტბატონათი“ , „მადონა თევზით“ , „მადონა დორეტოელი“ , „მადონა საჩრდილობელში“, „მადონა მძინარე ყრმისა და იოანეს თანხლებით“, მადონა.....
მაგრამ აი, გამოჩნდა სიქსტეს მადონა და ყველაფერი უკან იხევს... ადამიანები რომში ჩადიან და საათობით შესცქერიან, ამ უნიკალურ შედევრს, ყველა ფორმალისტური სკოლის მარად ცოცხალ ბრალდებას, აწ დრეზდენის გალერეის მშვენებას, რომლის ზომა მცირეა, მნიშვნელობა კი – განუზომელი. როგორ შეიქმნა ეს გენია? პიაჩენცის წმინდა სიქსტეს უბრალო მონასტრის ბერებმა ინებეს, ჰქონოდათ ღვთისმშობლის სახე, რომელსაც აქეთ–იქიდან ამოუდგებოდნენ პაპი სიქსტის II და წმინდა ბარბარე. ამბობენ, ავგუსტ III–ს სურათი რომ მიუტანეს, ტახტი განზე გადასწია და შესძახა : „გზა მიეცით დიდ რაფაელს!“ ასე დაიწყო მადონას მეორე სიცოცხლე დრეზდენის გალერეაში. სიქსტეს მადონას ადიდებდნენ: გოეთე, ვილკენმანი, ჰაინე, სტენდალი..... გოეთე საგანგებოდ ჩავიდა იტალიაში, რომ შეესწავლა რაფაელის ეს სრულყოფილი მშვენიერება. ლესინგი წერდა: „ხელები რომ მოეჭრათ მაინც, მხატვარი იქნებოდაო რაფაელი“ . კარლო მარატიმ კი თქვა: „ჩემთვის რომ რაფაელის სურათები ეჩევენებინათ და ეთქვათ, ანგელოზმა დახატაო, დავიჯერებდი“
რაფაელი პორტრეტის უზადო ოსტატია, ადამიანთა ხასიათის ჯადოქარი არაერთ ისტორიულ პიროვნებას ათავსებს თავის ფერგადაუვალ ფრესკაში. დანტე, ფრა ანჯელიკო, მათ შორის ავტოპორტრეტიც. პიტის გალერეაში ყურადებას იპყრობს „დონა ველტა დე პიტი“ – ალბათ, რაფაელის სატრფო. ამბობენ, სიქსტეს მადონას ნატურად ეს სახე გამოიყენაო, და მაშინ ეს ქალი ორმაგად უკვდავყოფილია. ეს პორტრეტი 1515 წელს შეიქმნა, ამავე წელსაა შესრულებული მისი სათაყვანებელი გლეხის ქალის ფორნარინას პორტრეტი, მაგრამ რომელია სიქსტეს მადონას მოდელი, ეს უკვე მხოლოდ რაფაელმა იცის. ცხადია, რომ ფორნარინა უყვარდა, რადგან ქონების დიდი ნაწილი სწორედ მას დაუტოვა, კაცობრიობას კი მხოლოდ მისი ქმნილებები უანდერძა, მოგებული დარჩა კაცობრიობა.
წარმოგიდგენთ მის შედევრებს:
Комментариев нет:
Отправить комментарий